ФСБ რუსეთის მთავრობას სამხედროების დაკრძალვისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გაზრდას თხოვს

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 50–ე დღეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მთავრობას თხოვნით მიმართა სამხედროების დაკრძალვისა და საფლავების მოწყობისთვის ასიგნებები 17%–ით გაზარდოს. რა უჯდებათ საბოლოო ჯამში რუს გადასახადის გადამხდელებს საკუთარი სამხედროების დაკრძალვა უცნობია: რუსული არმია დანაკარგების შესახებ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებს და უკრაინაში მოკლული ჯარისკაცების ცხედრებიც შერჩევითად გადააქვთ სამშობლოში.

ФСБ–ს მიერ წარდგენილი მთავრობის გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, ერთი დაღუპული სამხედროს დაკრძალვის ხარჯები 7800–11000 რუბლიდან 56 400-74200 რუბლამდე იზრდება მისი სტატუსის და დაკრძალვის ადგილის მიხედვით.

ФСБ დამატებითი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის თხოვნას იმით ხსნის, რომ ეს ხარჯები ვერ მოხვდა ყოველწლიურად ინდექსირებად სოციალურ განაცემთა ჩამონათვალში.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ფასების ზრდა მკვეთრად დაჩქარდა დასავლეთის სანქციების, ბიზნესის გაქცევის, სამომხმარებლო პანიკის და მიწოდების შეფერხების გამო. წლიური გამოხატულებით მარტში ინფლაციამ თითქმის 17%–ს მიაღწია. სწორედ ამდენით ითხოვს ФСБ ასიგნების გაზრდას.

განსხვავება დანაკარგის შესახებ ციფრებში.

რუსეთის ხელისუფლებამ ომის დაწყებიდან სულ ორჯერ დაასახელა დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა. 2 მარტს თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ გარდაიცვალა 498 სამხედრო. 25 მარტს ახალი რაოდენობა – 1351 სამხედრო დაასახელა. 7 აპრილს პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა სქაი ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსულმა არმიამ უკრაინაში “მნიშვნელოვანი დანაკარგები“ განიცადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო დიდ ციფრს ასახელებს – 19 000–ზე მეტს.

რამდენი დაკრძალვის ანაზღაურება მოუწევს რუსეთის ბიუჯეტს ინედქსაციის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

რუსული კანონებით სამხედრო სამსახურისას გარდაცვლილებს იმ ფედერალური ორგანოს ხარჯებით კრძალავენ, სადაც ის იმ მომენტში მსახურობდა.

სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში ყველა სარიტუალო მომსახურებას ანაზღაურებს – დოკუმენტების  გაფორმებით და მორგის ხარჯებით დაწყებული, თავად საფლავის და საფლავის ქვის ჩათვლით.

ФСБ–ს მიერ წარდგენილი პროექტი 20 აპრილს ანტიკორუფციულ ექსპერტიზას გაივლის, რის შემდეგაც დასამტკიცებლად მთავრობას გადაეცემა.

რაზე მეტყველებს რუსული ჯარის დანაკარგები

რუსეთში ყოველდღიურად მარხავენ უკრაინაში დაღუპულებს. დასავლური მედიის გათვლებით, დაღუპულთა 20%, რომელთა შესახებ რეგიონები იუწყებიან ოფიცრები არიან.

საჯაროდ ცნობილი შემთხვევების უმრავლესობაში სამხედროები სახლში გარდაცვალებიდან დაახლოებით 2–3 კვირის შემდეგ მიჰყავთ. მათი დამარხვა ხშირად ერთ თვეზე ადრე ვერ ხერხდება.

უკრაინის ოფიციალური პირები და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ უკან დახევისას რუსული არმია მოკლული სამხედროების ცხედრებს ადგილზე ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ კიევს უნდა დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები რუსეთს გადასცეს, თუმცა რუსეთმა თავიდან უარი თქვა, შემდეგ კი “რაღაც ტომრები გაგზავნა.“

მარტის მეორე ნახევარში ნიკოლაევსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლებას შეატყობინონ რუსი სამხედროების ცხედრების შესახებ უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

“ისინი ხშირად თან არ მიჰყვათ, და გაზაფხულ–ზაფხულში ეს ჩვენი პრობლემა გახდება. გთხოვთ შეგვატყობინოთ, სად არიან ცხედრები, შეძლებისდაგვარად მოაგროვოთ ტომრები. უნდა მოვაგროვოთ და მაცივრებში გადავიტანოთ, შემდეგ უკან გავგზავნოთ, რომ იდენტიფიცირება მოხდეს. ამ სამხედროებსაც ხომ ჰყავთ დედები“– თქვა მან.