საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა.ადგილზე მოწყობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი. ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა ტერიტორიის მონიტორინგი,გააგრძელეს ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.
რა გახდა ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა სპეციალისტებში გაჩნდა ეჭვი, რომ ხანძარი ბუნებრივი გზით ვერ გაჩნდებოდა, რადგან წინა დღეები წვიმიანი იყო და შესაბამისად, ტყეში ნიადაგი და ხეები სველი. მაშველებთან ერთად აბასთუმნის ტყეში ექსპერტ–კრიმინალისტებიც მუშაობენ და ხანძრის მიზეზი დაზუსტებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.
ტყის მასივში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.