აგვისტოს ომზე სტრასბურგში წარსადგენი მტკიცებულებები ჩვენმა ხელისუფლებამ მოიძია – თალაკვაძე

“აგვისტოს ომზე სტრასბურგში წარსადგენი მტკიცებულებები ჩვენმა ხელისუფლებამ მოიძია “- ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2008 წლის ომზე ყველა მტკიცებულების მოძიება, დოკუმენტირება და სტრასბურგის სასამართლოში წარდგენა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მოხდა.

„700-ზე მეტი მტკიცებულება ჩვენ მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში და მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წლამდე, მანამ, სანამ თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამსახურმა არ დაიწყო ამაზე მუშაობა, ელემენტარულად, ამ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე ჩვენ არ გვქონდა წარდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტები, არ გვქონდა წარდგენილი სეისმური სადგურების ჩანაწერები, არ გვქონდა წარდგენილი რადარების მონაცემები, არ გვქონდა წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებები, როდესაც აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებს. არ გვქონდა წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერები და ის დოკუმენტები, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გამოსცა ომის პერიოდში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დოკუმენტირება, ამ ყველაფრის მოძიება და წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი პარტიული გამარჯვება – ეს არის საქართველოს გამარჯვება”. – თქვა არჩილ თალაკვაძემ.