აგვისტოში ოცნებას 4 მლნ ლარი შესწირეს, ჯამურად კი 87 მლნზე მეტი – ფლანგვის დეტექტორი

მხოლოდ აგვისტოში ოცნებას 4 მლნ ლარი შესწირეს, ჯამურად კი 87 მლნზე მეტი – ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ქართული ოცნების შემომწირველებს შორის არიან ისეთი პირები, რომელთა კომპანიებიც საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იღებენ მონაწილეობას და ხშირად იმარჯვებენ, მათ შორის უკონკურენტო გარემოშიც.

2021 წლის აგვისტოს თვეში ქართულ ოცნებას 200-ზე მეტმა ადამიანმა შეწირა თანხა, რომლის ოდენობაც თითქმის 4 მლნ ლარს შეადგენს (3,996,585). ჯამში ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა პირისა თუ კომპანიისგან შეწირული თანხის ოდენობა 87 893 711 ლარს შეადგენს.

“მაგალითად, შპს გზა, რომელიც 2005 წელს დაარსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის დირექტორი და მისი პარტნიორი ერთი და იგივე პირები არიან, კერძოდ, ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მალხაზ დუმბაძე იკავებს, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორი და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა. კომპანია 2011 წლიდან ჩნდება ელექტრონულ ტენდერებში, 2011-2021 წლებში მან ჯამში 183 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 74 შემთხვევაში გაიმარჯვა და კომპანიასთან 101,151,958 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. 29 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია, ამ გზით მან 46,239,913 ლარის ხელშეკრულებები დადო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2021 წლებში ასეთი სულ 29 შემთხვევა ფიქსირდება. ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია (9,589,167).

მხოლოდ 2020 წელს შპს გზამ 28 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 7 შემთხვევაში გაიმარჯვა და კომპანიასთან მხოლოდ 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 35 მლნ ლარს გადააჭარბა (36,165,953).

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ძვირადღირებული ხელშეკრულება კომპანიასთან მაშინ გაფორმდა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

მაგალითად, 2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შპს გზასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2,466,323 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის წყალმომარაგების სამუშოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 63% ანუ 1,564,989 ლარი კომპანიამ უკვე მიიღო, აქედან თითქმის 1 მლნ ლარი (986,528 ლარი) კომპანიამ ავანსის სახით აიღო”, – წერია განცხადებაში.