საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ქართველი ექიმების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, ექიმები დაუმსახურებლად არ უნდა გაანაწყენონ, რადგან მათ კიდევ ბევრი შრომა მოუწევთ.
მისი თმით, ექიმების განკითხვა ადამიანებს კორონასაგან ვერ დააზღვევს და სულიერ ზიანს მოუტანს.
,,აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი. განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან”, — წერს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.
გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.
ლევან რატიანმა დღეს კრიტიკოსებს მიმართა, რომ თუ ვინმეს შენიშვნის ან რჩევის მიცემა უნდა, კლინიკაში მიბრძანდნენ და მათთან ერთად იმუშავონ. ,,ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილეკებენ და გვლანძღავენ, ტვინს მოუხმონ”,- თქვა რატიანმა.