შეზღუდვების ნაწილის მოხსნის მიუხედავად, აგრარული ბაზრების ნაწილის გახსნა ვერ მოხერხდა. თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში ისევ დაიკეტა- მიზეზ კი მოვაჭრეების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინიატრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა და მუშაობა გაურკვეველი ვადით შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებამ მოვაჭრეები გააღიზიანა. ისინი ამბობენ, რომ გასაყიდი პროდუქტი წინასწარ მოიმარაგეს და თუ ვერ გაყიდიან, ზარალს ნახავენ.
ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიც. მოვაჭრეებმა მხოლოდ ადგილზე მისვლისას აღმოაჩინეს, რომ მუშაობის დაწყების საშუალება არ ქონდათ. მიზეზი აქაც, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა ხდება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ უმუშევრად ყოფნა მათ ოჯახებს დიდ პრობლემებს უქმნის.
ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა მკაცრ საკარანტინო ზონაში, მარნეულში. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მარნეულის ზედამხედველობის სამსახური, ისინი მოქალაქეთა დისტანცირებას უზრუნველყოფენ. ყველა, ვინც აგრარულ ბაზარში შედის, თავდაპირველად შემოწმებას გადის. თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.
აგრარული ბაზრები გაიხსნა ქუთაისში და ზუგდიდში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა მუნიციპალიტეტებში ბაზრების ხელმძღვანელებთან, რათა აუცილებელი რეკომენდაციები დაცული იყოს. შეზღუდვების მოხსნას დადებითად აფასებენ ზუგდიდელები და ამბობენ, რომ ვაჭრობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აგრარული ბაზარი გაიხსნა ბათუმშიც . გაკონტროლდება დისტანცირება, აუცილებელი იქნება პირბადეებისა და ხელთათმანების გამოყენება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველა ბაზრის შიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს.
ნაწილობრივ, თუმცა, დილიდან გაიხსნა მომხმარებლისთვის ბათუმის ცენტრალური, აგრარული ბაზარი. საქმიანობა მხოლოდ იმ მოვაჭრეებმა განაახლეს, რომლებსაც დახლები ბაზრის ეზოში აქვთ. სარეალიზაციოდ მხოლოდ არამალფუჭებადი პროდუქტია გამოტანილი. უსაფრთხოების ზომებს აქ მუნიციპალური ინსპექციის სამსახური იცავს. თერმოსკრინინგს მოვაჭრეებთან ერთად მომხმარებლებიც გადიან. აუცილებელი პირობაა პირბადის ტარება.
მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად, მოქალაქეებს შორის სოციალურ დისტანციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც აკონტროლებენ.
მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო დღეს ბათუმის თევზის ბაზრობაც, თუმცა დახლების უმეტესობა თითქმის ცარიელი დაგვხვდა. მოვაჭრეების თქმით, მეთევზეები არ ელოდნენ შეზღუდვების მოხსნას, რის გამოც ზღვის პროდუქტები საკმარისად ვერ მოიმარაგეს.
რაც შეეხება ვაჭრობის განახლებას დახურული ტიპის ბაზრობებზე, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ნებადართული მეხუთე ეტაპზე, ანუ 22 ივნისიდან უნდა გახდეს.