ადამიანები, რომლებიც გვენდნენ, დაზარალდნენ, სინანულის განცდა მაქვს – კერვალიშვილი

რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა, ამბობს, რომ სინანულს გრძნობს.

მისი თქმით, ბოლომდე თავისუფალი მაშინ იქნება, როდესაც დაზარალებულები თავიანთ ბინებში შევლენ.

“განცდა მაქვს – სინანული. იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან გვენდნენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელიწადია, რომ პრობლემა დასრულდა. ახლა იმედი მოგვეცა, რომ 1 თვეში მშენებლობა იწყება. ჩვენი ამოცანა, სანამდე ვართ, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავიანთ ბინაში. მარტო ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები. ყველაფერში გვერდში დავუდგებით. ყველასთან ვთანამშრომლობთ და საპროცესო გარიგებას ველოდებით”,– თქვა კერვალიშვილმა ციხის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, მან 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.