მთავრობა კორონავირუსზე ტესტირების ახალ ალგორითმზე შეთანხმდა, რომლის მიხედვით 3 კატეგორიის ადამიანები შემოწმდებიან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, COVID-19-ზე შემოწმდებიან:
- სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას – აქვთ მოგზაურობის ისტორია და გამოხატული აქვთ კორონავირუსის კლინიკური სიმპტომები და ნიშნები.
- პირები, რომლებსაც არ ჰქონიათ მოგზაურობის ისტორია. მაგრამ ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. გვაქვს მზაობა, რომ კლინიკებში გამოყოფილი იქნება სპეციალური ზონა ცხელების მქონე პაციენტებისთვის მართვისთვის, ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვით, მოხდება მისი შეფასება კორონავირუსზე და უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით პაციენტის მართვა.
- პირები, რომლებიც ითვლებიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებად: კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში; ასევე, ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები.
თამარ გაბუნიას თქმით, ტესტირება 3-ვე არსებული მეთოდის გამოყენებით მალე დაიწყება.
,,ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით როგორც PCR-ის, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი. ჩვენ საწყისი რაოდენობა სამივე ამ ტესტის ქვეყანაში გვაქვს და საიტებიც შერჩეულია იმისთვის, საიდან დაიწყება ეს ტესტირება განახლებული ალგორითმის შესაბამისად”,- თქვა გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი.