ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ისევ მძიმე ვითარებაა – „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში საქართველოზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა საუბარი.

დოკუმენტში აღწერილია სამართალდამცველების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა. მათ შორის, საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროს სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებზე.

„ადამიანის უფლება ცენტრის“ ანგარიში
7 და 8-9 მარტის აქციების დროს, გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, რაც გამოიხატებოდა სპეციალური საშუალებების წინასწარი გაფრთხილებისა და ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარი გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ დაშლისთვის საჭირო გონივრული დრო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებები გამოყენებული იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში. გასათვალისწინებელია, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის თანახმად, მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევის გამოვლენის შემთხვევებში, აქცია ავტომატურად არ იძენს ძალადობრივი შეკრების ხასიათს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებმა გამიჯნონ აქციის მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა გატარებულიყო აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში მოხვდა ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები.

ახალგაზრდა აქტივისტის შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ არსებობს კითხვები ლაზარეს სხვადასხვა ნიშნით მსხვერპლად შერჩევასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლება ცენტრის“ ანგარიში
ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებით, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. იგივე პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრს. ცენტრის იურისტი 2023 წლის განმავლობაში ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს იცავდა. ლაზარესთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები მისი „სხვადასხვა ნიშნით“ მსხვერპლად შერჩევასთან დაკავშირებითაც, რადგან მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ და მას „გზას აცდენილი კაცი“ უწოდა. ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებაში აქციებში მონაწილე ახალგაზრდები დახასიათებულნი იყვნენ, როგორც „ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“. ასეთი ტიპის განცხადებებმა დამატებით შეუწყო ხელი საზოგადოებაში ლაზარეს მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას. ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი წერილში ამბობს, რომ ის პროტესტის დროს ევროპულ კურსს იცავდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში საუბარია, ოკუპირებულ
ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. ასევე, მიმოხილულია სტიქიური მოვლენებისას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემები. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც.

რაც შეეხება მედიაგარემოსა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს შემაშფოთებელი იყო მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ძალადობის ყველა შემთხვევის საჯაროდ დაგმობა და გამოხატვის თავისუფლებისა თუ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ანგარიშში.