ადამიანი დავრდომილია, არ მიშვებდა, მარტო ვერ გავძლებო – ხერხეულიძე სააკაშვილზე

ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მის მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი “დავრდომილია”.

მისი თქმით, მას სამჯერ ჰქონდა ჰიპერტონული შეტევა, რაც ინსულტის წინაპირობაა.

“ადამიანი არის დავრდომილი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილი ასე გამოიყურებოდეს, ეს არის ასე. მე რომ შევედი, იწვა, მითხრა, რომ ვერ დგება, მაგრამ ვთხოვე, რომ იქნებ როგორმე თავისთვის ძალა დაეტანებინა და მეც მივეხმარე და სავარძლისკენ გადმოჯდა. მაგრამ წარმოუდგენელ მდგომარეობაშია – ხელების კანკალი, თავბრუსხვევა, გულის რევა… არ ვიცი, რა უნდა ვთქვა.

3 დღის განმავლობაში ამ ადამიანს ჰქონდა სამჯერ ჰიპერტონიული შეტევა. როდესაც წნევას არ ატარებს, 200/120-ზე ეს წნევა ინსულტის წინაპირობაა. საერთოდ სად უშვებდნენ ადამიანს ამ ვითარებაში, რა უნდა ექნათ, ჩემამდე არ დადოს, უბრალოდ გზაში მოკვდებოდა ადამიანი. მართლა როგორ არ ეშინიათ ამხელა რისკის”,– ამბობს ხერხეულიძე მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, სააკაშვილი ელოდება ექიმების დააუყოვნებლივ შესვლას.

“ადამიანი არ მიშვებდა, მითხრა, რომ მე აქ მარტო ვერ გავძლებ, მე არ ვიცი როგორ ვიქნები და ვერც გაგაგებინებთო. იქნებ შევძლოთ, რომ აქ იყოთო. მაგრამ კონსული ელოდებოდა შესვლას და უხერხული იქნებოდა არგამოსვლა იქიდან, – აღნიშნავს ხერხეულიძე.

ის მოუწოდებს სახალხო დამცველს, ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ ჩავიდეს.