ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია – თურნავა

ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. “, – ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას” სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ „ნოვას” დიდი სავაჭრო ცენტრში დიდწილად წარმოდგენილია მათივე, საკუთარი წარმოების და ასევე, ზოგადად ქართული წარმოების  საშენი მასალები, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარია.

„ნოვას” წარმოება მხარდაჭერილია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მიერ და ჩვენ, ზოგადად, ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ შემდგომშიც საკუთარ რესურსზე დაყრდნობილი წარმოებების მხარდაჭერაზე. საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც საკუთარი რესურსის გამოყენებით შეგვიძლია ძალიან სერიოზულად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე, მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი და გავზარდოთ საექსპორტო მოცულობები. იგივეს თქმა შემიძლია კვების მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, სხვა დარგებზე, მაგრამ საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ თვალსაზრისით” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.