ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ვებ – გვერდზე გაზპრომთან გარიგების დეტალების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო.

ქართული ოცნება თითქმის 10 წელია გაზპრომთან გარიგების დეტალებს მალავს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.

13 იანვარს რუსულმა სამთავრობო ენერგეტიკულმა კომპანია გაზპრომმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს.