ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკის რეანიმატოლოგის, ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი ინფორმაციით, ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან, დღეს ოპერაციული ჩარევა იგეგმება.
“ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია”, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კრწანისის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალთან რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.