ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, TV პირველის მაუწყებლობა ავარიულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ის ვარაუდობს, რომ ტელევიზიის სერვერებზე კიბერთავდასხმა მოხდა.
“დღეს გამთენიისას 4 საათსა და დაახლოებით 31 წუთზე, ელექტრონულმა ჩამწერმა მოწყობილობამ ეს რომ დააფიქსირა, გაითიშა TV პირველის ცენტრალური სერვერი. ახლაც აქ მუშაობენ ადამიანები და ცდილობენ რომ ჩვენი სრულფასოვანი მაუწყებლობა აღადგინონ. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიცილაურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა და მოხდა თუ არა გარედან შემოღწევა, თუმცა მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს.
ღამით, როცა ტელევიზია გადავიდა მექანიკურ მაუწყებლობაზე, ანუ გადაცემები დასრულდა და სერვერებიდან გადიოდა ფილმები და ჩანაწერები, ფიზიკურად ამ სისტემასთან არავის შემხებლობა არ ჰქონია”,– აცხადებს მელაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თანამშრომლები ცენტრალური სერვერის აღდგანზე მუშაობენ.