რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
,,ამ დროისთვის მოკვლეულია 60-მდე კონტაქტი და ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. 31 აგვისტოდან დღემდე ,,ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა“, – განაცხადა ბეგაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ 13–დან 7 რუსთავის მკვიდრია.
რუსთავის აღნიშნული კლინიკა ფუნქციონირებას აგრძელებს. ამ ეტაპზე კლინიკის დახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
2 სექტემბერს ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს.
სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.