ავსტრალიაში რადიოაქტიური ცეზიუმ-137 კაფსულა სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა და დაიკარგა. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ აღიარა, რომ შესაძლოა წარმატებული არ აღმოჩნდეს. სახიფათო ობიექტმა შეიძლება მწვავე რადიაციული დაავადება და კიბო გამოიწვიოს. ამის შესახებ The Guardian კვირას, 29 იანვარს წერს.
8 მმ x მმ კაფსულა – ცეზიუმ-137-ის 19 გიგაბეკერელის კერამიკული წყარო, რომელიც ჩვეულებრივ რადიაციის სენსორებში გამოიყენება – სატვირთო ავტომანქანაზე არსებული დაცული მოწყობილობიდან –მანომეტრიდან გადმოვარდა. მანქანა დასავლეთ ავსტრალიის პილბარას რეგიონის მაღაროდან საწყობში მიდიოდა შტატის დედაქალაქ პერტიში. ცნობილია, რომ სატვირთო მანქანამ კაფსულით მაღარო 12 იანვარს დატოვა და პერტში 16 იანვარს ჩავიდა, მაგრამ კაფსულის დაკარგვა მხოლოდ ცხრა დღის შემდეგ აღმოაჩინეს.
გამომძიებლების თქმით, ჭანჭიკი, რომელიც მანომეტრს ამაგრებდა, რომელშიც კაფსულა იყო, მგზავრობის დროს სადღაც მოძვრა და კაფსულა დაკარგული ჭანჭიკის მიერ დატოვებულ ხვრელში გავარდა.
“არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ (კაფსულა) ვერ ვიპოვოთ. ეს შესაძლებელია”, – აღიარა დასავლეთ ავსტრალიის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობამ.
სახელმწიფო სახანძრო და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა უკვე განათავსა სამძებრო ჯგუფები რადიაციული აღმომჩენი მოწყობილობებით და ლითონის დეტექტორებით სატვირთო მანქანის მარშრუტის კრიტიკულ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ძიებას ართულებს ის ფაქტი, რომ მთლიანი მანძილი, რომელიც სატვირთომ გაიარა მაღაროდან პერტამდე, დაახლოებით 1400 კმ-ია.
იმავდროულად, მაშველებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ავსტრალიის ხელისუფლებას უკვე შემოაქვს რადიაციის აღმომჩენი ახალი აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება რეგიონის მანქანებზე დამონტაჟდეს.
კაფსულაში შემავალი რადიოაქტიური მასალის ნახევრადდაშლის პერიოდი, რომელიც როგორც გამა, ასევე ბეტა სხივებს ასხივებს, 30 წელია. ახლო ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რადიაციული დაავადება და არსებობს კიბოს განვითარების გრძელვადიანი რისკი.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ვინმემ შეიძლება აიღოს კაფსულა ისე, რომ არ ეცოდინება რა არის, ჩათვალოს, რომ ეს რაღაც საინტერესოა და შეინახოს“, -განაცხადა ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.