ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც იცით, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება ჩვეულ რეჟიმში. ამ ეტაპზე მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ამ ნაწილში მონიტორინს განახორციელებენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები. მაგალითად, მეტროს შემთხვევაში, შესასვლელშივე პატრულის თანამშრომლები უზრუნველყოფენ პირბადეებიანი მგზავრების დაშვებას, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორები მოუწოდებენ მგზავრებს გაიკეთონ პირბადეები. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. ზაფხულის პერიოდია, სტატისტიკურად ამ პერიოდში მგზავრთნაკადი შედარებით დაბალია. არის გარკვეული პერიოდები წლის განმავლობაში, როდესაც პიკური რაოდენობაა მგზავრების, ეს უფრო ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. დავაკვირდებით მგზავრთნაკადის სიდიდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული, მაქსიმალურად ვეცდებით, გზავრთნაკადის რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის მაქსიმალური რაოდენობა გამოვიყვანოთ, რომ სიხალვათე იყოს. ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება დეზინფექციას, სადეზინფექციო საშუალებებით ვამუშავებთ და საგანგებო სიტუაციამდეც ვამუშავებდით ყოველდღიურად ავტობუსებს, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ. ეს პროცესი ბუნებრივია, გაგრძელდება. ასევე დეზინფექცია უტარდება მეტროს სადგურებს და ყველა იმ ადმინისტრაციულ შენობებს, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია“, – განახადა შარკოვმა.