ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელსაც ფონიჭალაში 4 ადამიანი ემსხვერპლა 25 წლის ქალია

ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ფონიჭალის დასახლებაში ავტომანქანით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე 7 პირს, მათგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.  მძღოლმა კი შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს, რომელთაგან ორი( 4 წლის და 11 წლის ბავშვები) მიყენებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ორი დაშავებული  კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაშვებულთა და გარდაცვლილთა ნაწილი ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ქორწილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. სამი დაშავებული ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში რჩება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.