“ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

“ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – აცხადებს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა.

“მაგისტრ მოსამართლესთან მქონდა გამოკითხვა, დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი კომისიაზე, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი, მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“.

საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე.

ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”. – წერს ჯაფარიძე.