ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი განმარტავს, რატომ არ ჩამოიყვანეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბერლინიდან. კომპანიის განცხადებით, აზერბაიჯანი “მწვანე ზონის ქვეყნებში” არ შედის, ამიტომ მუხთარლის ვერ ჩამოიყვანდა.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.
აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას”,- წერს ავიაკომპანია.
დღეს აფგან მუხთარლის ბერლინის აეროპორტში საქართველოს საკონსულომ ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა. მუხთარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ “საბუთები არ ჰქონდა წესრიგში”.
ამის შემდეგ მან ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება”.