ოპოზიციას გააძლიერებს პარლამენტში სრულფასოვნად მუშაობა – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, “ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ, ზიანს აყენებს ოპოზიციასა და ქვეყანას”.

ის ნაციონალური მოძრაობის ახალ სამდივნოს წარმატებას უსურვებს, რადგან, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი – განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში.

“ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება.

ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა,“ – განაცხადა სამნიძემ IPN-ის ცნობით.