სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სინგაპური და აზიის სხვა ქვეყნები COVID19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში წარმატებებს აღწევენ, თუმცა ახლა ისინი შესაძლოა ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ– ვირუსი აზიაში ამიერიდან ევროპიდან და აშშ–დან შეიძლება “დაბრუნდეს“.
არადა, ვითარება აზიურ ქვეყნებში თითქოს გამოსწორდა. იაპონიაში მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ჰოკაიდოს პრეფექტურაში კი, სადაც 154 დაინფიცირებული ფიქსირდება საგანგებო მდგომარეობა გააუქმეს.
უხანში, საიდანაც პანდემია დაიწყო ბოლო დღეებში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ექვსი კვირის მანძილზე იზოლაციაში მყოფ ქალაქის მაცხოვრებლებს ახლა უკვე ქუჩაში გამოსვლაც შეუძლიათ.
ვირუსის გავრცელების დინამიკა იცვლება. პანდემიის კერად უკვე ევროპის ქვეყნები იქცნენ იმ დროს, როცა აზიამ მისი პიკი უკვე გადაიტანა. ამ ფონზე უკვე შესაძლოა აზიურ ქვეყნებს დაჭირდეთ საკუთარი საზღვრების ჩაკეტვა.
ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში იზრდება “იმპორტირებული“ დაინფიცირების შემთხვევები. ჩინოვნიკები და ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემები ამისათვის მზად უნდა იყვნენ.
ვირუსის მიგრაცია
ჩინეთში ცოტა ხნის წინ პირველად აღინიშნა 24 საათიანი პერიოდი ახალი დაინფიცირებულების გარეშე.
სინგაპურში კი ერთი დღეღამის განმავლობაში 47 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 33 ქვეყანაში უცხოეთიდან ჩასულმა სინგაპურის მოქალაქეებმა ჩაიტანეს.
სამხრეთ კორეაში გუშინ დაინფიცირებულთა რაოდენობამ უცებ იმატა – 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა დაკავშირებულია თუ არა ქვეყანაში მოგზაურობიდან დაბრუნებულებთან უცნობია.
ჩინეთის მიგრაციის სააგენტომ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ 11 მარტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჯანმომ პანდემია გამოაცხადა, ჩინეთში ყოველდღიურად 120 000 ადამიანი შედის.
ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩინეთმა პიკის გადატანა მოახერხა, თუმცა ამისათვის ხელისუფლებამ უსასტიკეს ზომებს მიმართა – მთელი ქალაქების იზოლაცია და მოქალაქეების სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა.
“ბევრი ხვდება, რომ ეს წარმატება დროებითია. შეკავება რთულდება იმით, რომ ყველა ამ ქვეყანაში იზრდება “იმპორტირებული“ დაინფიცირების შემთხვევები, ამ ეტაპზე ძირითადად ევროპიდან, თუმცა მომავალში შესაძლოა სხვა რეგიონებიდანაც“– განაცხადა Financial Times–თან საუბარში ჰონკონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ბენ კოულინგმა.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ აზიაში ვირუსის აფეთქებამ მართალია პიკი გადაიარა, მაგრამ დასრულებისგან ჯერ შორს არის. ყველაზე ნათელი მაგალითია სამხრეთ კორეა, რომელმაც მართლაც წარმატებით შეაჩერა ვირუსი. ინფექციის კვალის გამოკვლევა ეფექტურად ხდებოდა, ტარდებოდა ბევრი ტესტები, დაინფიცირების იზოლირება სწრაფად ხდებოდა.
თუმცა ბოლო დღეებში იქ დაინფიცირებულთა რიცხვმა ზრდა ისევ დაიწყო.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტრო ისევ აფრთხილებს ხალხს, რომ ჯერ მოდუნება ნაადრევია და მოუწოდებს მათ ჯგუფურ შეკრებებს თავი აარიდონ, არ იარონ კაფეებში, რესტორნებში და ეკლესიებში.
გარდა ამისა, კორონავირუსით დაინფიცირდა კორეის ფარიკაობის ნაკრების სამი სპორტსმენი, რომლებიც ტურნირზე ბულგარეთში მიდიოდნენ. ამჟამად შემოწმებას მთელი ნაკრები გადის.