აზოვსტალის მცველები ტყვეობაში ყოფნის 120 დღეს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ”აზოველებს” რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას სთავაზობდა. ამის შესახებ მათ, მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა აზოვის ბატალიონის მეთაურები და მათი მოადგილეები მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში, სამარტოო კარცერში ცალ-ცალკე მოათავსეს, სადაც მათ რეკრუტირებას ცდილობდნენ და დასავლეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას სთავაზობდნენ.
“აზოვსტალის მცველების ტყვეობიდან დახსნა უპრეცედენტო მოვლენა იყო, რაშიც ყველაზე მთავარი როლი ჩვენმა ხელისუფლებამ ითამაშა. ტყვეთა გაცვლის პროგრამაზე მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რუსების ტყვეობაში 2 ათასზე მეტი აზოვსტალის მცველი იმყოფება. ომი ჯერ არ დასრულებულა, ის გრძელდება. ჩვენი ვალი სამშობლოსა და უკრაინელი ერის დაცვაა. ჩვენი მიზანია ეს ომი მოვიგოთ. აზოვის მიერ გაღებული მსხვერპლი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო. ჩვენი მეთაურები ახლა თურქეთში იმყოფებიან და მოუთმენლად ველოდებით მათ დაბრუნებას.
რაც შეეხება ჩვენს ტყვეობას, შემიძლია გითხრათ რომ რთული დრო გამოვიარეთ. დაკითხვები და ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. ითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას, სახელებისა და გვარების დასახელებას. გვთხოვდნენ რომ მებრძოლების სია გადაგვეცა. ჩვენი ტყვეობიდან დახსნა ძალიან რთული ოპერაცია იყო, რასაც ხელისუფლებამ თავი წარმატებით გაართვა.
ტყვედ ჩაბარება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, თუმცა რაზმში 600 დაჭრილი სამხედრო გვყავდა, რომელთა ნახევარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებდა. ადამიანები უბრალოდ იხოცებოდნენ. ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ტყვედ ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო.
მოლაპარაკებების დროს რუსულმა მხარემ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. ამის ნათელი მაგალითი მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანის პროცესი იყო, რომლებიც უკრაინული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაეყვანათ, თუმცა რუსებმა და სეპარატისტებმა ისინი გაიტაცეს. ტყვეობაში ყოფნის დროს რუსები ჩვენ რეკრუტირებასაც ცდილობდნენ და გვთავაზობდნენ დასავლეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას, თუმცა თითოეული ჩვენი მებრძოლი იმეორებდა რომ რუსეთი მტერია. თავიდან ოლენივკაში გადაგვიყვანეს, შემდეგ როსტოვში. ბოლოს კი მოსკოვში აღმოვჩნდით… ” – თქვა ბოგდან კროტევიჩმა.
კიდევ ერთი მებრძოლის, ნიკიტა ნადტოჩიის თქმით, აზოვის ბატალიონი თავის ფუნქციას უბრუნდება და რამდენიმე დივიზიონის აღდგენას იწყებს. ასევე ნადტოჩიმ აღნიშნა, რომ ოლენივკაში მომხდარ ტერაქტს არ დაივიწყებენ, რადგან მომხდარს 70-ზე მეტი აზოველი ემსხვერპლა, მისი თქმით, ყველას მოძებნიან ვინც ტერაქტზე პასუხისმგებელია და “შესაბამის პასუხს გასცემენ”.
“ჩვენი დაჯგუფება ელოდება იმ სამხედრო ტექნიკას რომელიც უნდა მივიღოთ. აზოვსტალიდან ევაკუირებული ჯარისკაცები, რომლებმაც ომის დროს დაზიანებები მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ და რაზმს დაუბრუნდნენ. ჩვენი ბატალიონის მთავარი მოქმედებების ზონა ფრონტის ხაზის სამხრეთ მიმართულებითაა, სადაც ჩვენი თანამებრძოლები ახლაც წარმატებით მოქმედებენ. ომის მიმდინარეობისას გვაქვს გარკვეული დანაკარგები, თუმცა მტერს ვანადგურებთ. ჩვენი მიზანი სამშობლოს დაცვაა. მინდა ოლენივკაში მომხდარ ტერაქტზე ვისაუბრო. მომხდარ კატასტროფაზე გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ. პირობას გაძლევთ რომ ყველას ვიპოვით და შესაბამის პასუხს გავცემთ. ტერაქტის დროს 70-ზე მეტი აზოველი დაიღუპა. კონკრეტული რაოდენობა არ ვიცით, რადგან ბევრი ფაქტი ბურუსითაა მოცული.” – თქვა აზოვის მებრძოლმა.