აზოვის მებრძოლები და უცხოელი “სიკვდილმისჯილები“ გათავისუფლდნენ. მედია ტყვეთა გაცვლის შესახებ წერს

რუსეთმა ტყვეობიდან გაათავისუფლა 10 უცხოელი მებრძოლი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოხერხდა მათი გათავისუფლებაც, ვისაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ საგენტო როიტერი წერს.

ტყვეობიდან გათავისუფლდა 5 ბრიტანელი, 2 ამერიკელი, 1 ხორვატი, 1 მაროკოელი და 1 შვედეთის მოქალაქე.

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, რობერტ ჯერიკმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულებს შორის არის ეიდენ ასლინი. ის ტყვედ 2022 წლის დასაწყისში ჩავარდა, შემდეგ კი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რუსეთმა ასევე გაათავისუფლა აშშ–ს 39 წლის მოქალაქე ალექსანდრ დრუკე და 27 წლის ენდი ჰეინი. ისინი ივნისში, უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებებისას ჩავარდნენ ტყვედ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ დაადასტურა, რომ გათავისუფლებულებს შორის არის შვედეთის მოქალაქე, რომელიც მარიუპოლის პორტში ჩავარდა ტყვედ. დონეცკის რესპუბლიკის კანონებით მასაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გათავისუფლებული უცხოელები საუდის არაბეთში გადაფრინდნენ. ტვიტერში გამოჩნდა საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტოს ფოტო და ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული ათი უცხოელი თვითმფრინავიდან ჩამოდის და ხელს ართმევს ადგილობრივ ჩინოვნიკებს.

თავის მხრივ, მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მეთაურის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლდა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი, მიხაილ ვერშინინი.


“კარგი ამბები ღამისთვის. სანამ გაცვლა მიდის, ყველაფერს ვერ ვიტყვით. მინიმუმ, საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი ტყვეობიდან გათავისუფლდა. მარიუპოლის გმირული გარნიზონი ნელნელა სახლში ბრუნდება“– დაწერა მან, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.
ამავე დროს, აზოვის მებრძოლმა, მაქსიმ ჟორინმა ტყვეთა გაცვლა დაადასტურა. მისი თქმით, სახლში დაბრუნდნენ აზოველებიც.

“ბოლოს და ბოლოს შევძელით მარიუპოლის მცველების კიდევ ნაწილი დაგვებრუნებინა, მათ შორის აზოვის პოლკის წევრები. დღეს საღამოს შედგა გაცვლა, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. ჩვენი მეგობრების ჩახუტება, რომლებიც ბოლოს და ბოლოს დაგვიბრუნდნენ, საუკეთესო ემოციაა, რაც კი შეიძლება განიცადო. დეტალები მოგვიანებით“– თქვა მან.

ერთ–ერთი უკრაინული გამოცემა წერს, რომ ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის ოლქში შედგა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად”აზოვის” პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო (“რედისი”) და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარიც (“კალინა”) გათავისუფლდნენ. თავისუფალია მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ბრიგადის უფროსი სერგეი ვოლინსკიც (“ვოლინა”).