აზოვსტალში საჭმელი და წყალი თითქმის აღარ დარჩა, ანტისანიტარიაა – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი არღვევს უკრაინელი დაჭრილი სამხედროების სამედიცინო დახმარებაზე წვდომის უფლებას. მისი თქმით, 600-მდე დაჭრილი სამხედრო აზოვსტალში უკიდურესად მძიმე პირობებში რჩება.

“ერთ ოთახში რამდენიმე ათეული ორსართულიანი საწოლია, დანარჩენი დაჭრილები იატაკზე სრულ ანტისანიტარიულ პირობებში წვანან. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, რადგან მათ არ შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება. წამლები აღარ არის. საჭმელი და წყალი თითქმის აღარ დარჩა. საავადმყოფო იყენებს წყალს, რომელიც გამოედინება გათბობის სისტემიდან”,– წერს დენისოვა.

ომბუდსმენის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ, შეიჭრან აზოვსტალის ტერიტორიაზე, ამიტომ იყენებენ ყველა სახის იარაღს, მათ შორის, საავიაციო ბომბებს, ტანკებსა და მძიმე არტილერიას.

“რუსეთი უხეშად არღვევს დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლისა და სამედიცინო დახმარების უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია ჰააგის და ჟენევის კონვენციებით. რუსეთი უხეშად არღვევს 1949 წლის 12 აგვისტოს შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების კონვენციის მე-12 მუხლს.

მივმართავ გაეროს კომისიას, გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს.

მოვუწოდებ გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, გადაარჩინოს ჩვენი დამცველების სიცოცხლე და უზრუნველყოს მათი გაყვანა მარიუპოლიდან ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის მესამე ქვეყანაში ევაკუაციის გზით”,– აღნიშნავს ლუდმილა დენისოვა.

დღეს აზოვის პოლკის მებრძოლების ცოლმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აზოვსტალის მცველები ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან, რადგან ამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის არ სჯერათ.