“შეჭრის პირველივე საათები ჩვენთვის ნიშნავდა სასტიკ სარაკეტო დარტყმებს. ომის ერთ თვეში რუსეთმა ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ. განახორციელა ასობით საჰაერო თავდასხმა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით – დაგვეხმარეთ ცის დახურვაში, დაიცავით ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ გააჩნია ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. რუსეთზე გაცილებით პატარა თვითმფრინავი ჰყავს. აქედან გამომდინარე, მათი უპირატესობა ცაში ჰგავს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. და ხედავთ შედეგებს – რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი მშვიდობიანი ქალაქი დაინგრა.
მე უკვე ერთი თვეა გიმეორებთ, ხალხისა და ჩვენი ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება – შეზღუდვების გარეშე. ისევე როგორც შეზღუდვების გარეშე, რუსეთი იყენებს მთელ არსენალს ჩვენს წინააღმდეგ. ის ანადგურებს სიცოცხლეს. ნებისმიერ ობიექტს – საცხოვრებელი კორპუსებიდან დაწყებული ეკლესიებით, საკვების საწყობებით, უნივერსიტეტებით, ხიდებით, საავადმყოფოებით დამთავრებული. უკრაინამ გთხოვათ თვითმფრინავები, ამდენი ხალხი რომ არ დავკარგოთ, ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ არც ერთი არ მოგვეცით. ჩვენ გთხოვეთ ტანკები, რათა ჩვენი ქალაქების დებლოკირება შეგვეძლოს. მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი – ქალაქები, რომლებშიც რუსეთი ასიათასობით ადამიანს მძევლად იყვანს, ხელოვნურად ქმნის შიმშილს. თქვენ გაქვთ მინიმუმ 20 ათასი ტანკი. უკრაინამ პროცენტი გთხოვათ, თქვენი ყველა ტანკის 1 პროცენტი. მოგვეცით ან მოგვიყეთ. მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მკაფიო პასუხი.
[…] უკრაინას არასდროს სურდა ეს ომი. და მას არ სურს წლების განმავლობაში ბრძოლა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვინდა… როგორც ნებისმიერ ერს, ჩვენც გვაქვს ამის უფლება. სიცოცხლის უფლება. ამ ერთი პროცენტის უფლება. მე არ ვადანაშაულებ ნატოს, არ არის თქვენი ბრალი, თქვენი რაკეტები და ბომბები არ ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს. დღეს ფოსფორის ბომბებით დახოცეს მოზრდილები და ბავშვები, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ალიანსს მაინც შეუძლია თავიდან აიცილოს უკრაინელების სიკვდილი”
მიმართა ზელენსკიმ NATO-ს.