2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმთან განვითარებული პროცესების შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას ათობით კომპანია წყვეტს. დღეს, “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა გერმანულმა “დოიჩე ბანკმა”.
ოფიციალურ განცხადებაში ბანკმა თქვა, რომ ის მომავალში ტრამპთან საქმეს აღარ დაიჭერს. ამ ეტაპზე ბანკში დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი აქტივები ინახება. ამერიკაში “დოიჩე ბანკის” ოპერაციების ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა და 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები დაგმო. ქრისტინა რაილის განცხადება სოციალურ ქსელ “ლინკედინზე” გავრცელდა.
სააგენტო “როიტერი” ჯერ კიდევ ნოემბერში აცხადებდა, რომ გერმანული ბანკი დონალდ ტრამპთან პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის გაწყვეტას გეგმავდა. ბანკი მაშინ განმარტავდა, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობით მათ რეპუტაციას ზიანი ადგებოდა.
პრეზიდენტ ტრამპთან ფინანსურ საქმიანობას აჩერებენ ამერიკული ბანკებიც. ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები გაავრცელეს “სითი-გრუპის”, “ჩეისის”, “ბენქ ოფ ამერიკის”, “გოლდმან საქსის”, “ვიზას”, “ამერიკან ექსპრესის” და “მასტერქარდის” წარმომადგენლებმა. მათ დონალდ ტრამპის მომსახურებაზე გარკვეული დროის განმავლობაში უარი თქვეს.
“ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, “სითიგრუპი” რომელმაც მისურის სენატორ ჯოშ ჰოულის კაპმანიაში 1 000 დოლარი 2019 წელს გადაიხადა, მარტამდე აჩერებს ყველანაირ ფინანსურ დახმარებას და პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებსაც, რომლებმაც საარჩევნო კოლეგიის შედეგების რატიფიცირებაზე 6 იანვარს უარი თქვეს, მომსახურებას საბაკო სექტორის და სხვა დიდი ბიზნესების წარმომადგენლები უჩერებენ. განცხადებები კომპანიებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და თქვეს, რომ კანონმდებლებს, რომელთა საარჩევნო კამპანიაში ისინი შემოწირულობას გასცემდნენ, პროცესს შეუჩერებენ.
“მარიოტი”, “ეი-თი-ენდ-თი”, “ამაზონი”, “ფორდი”, “ბესთ ბაი”, “ბლუ ქროსიც” აცხადებენ, რომ უჩერებენ შემოწირულობებს იმ კონგრესმენებს რომლებმაც არჩევნების შედეგები არ დაადასტურეს.
პოლიტიკური დაფინანსება შეაჩერეს “ამერიკან ეარლაინსმა”, “ბი-ფიმ” და “კოკა კოლამ”.
პრეზიდენტ ტრამპს საპატიო წოდება ჩამოართვა პენსილვანიის შტატში მდებარე ლიჰაის უნივერსიტეტმა. 1988 წელს გაცემული ხარისხის ჩამორთმევის გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა პარასკევს მიიღო, მას შემდეგ რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა.
დონალდ ტრამპთან ერთად შესაძლოა სამართლის დოქტორის საპატიო ხარისხის გარეშე დარჩეს ტრამპის საარჩევნო გუნდის ადვოკატი რუდი ჯულიანი. ვერმონტის მიდელბერის კოლეჯი ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, ამბობს გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი”.
წყარო: ამერიკის ხმა