“გწერთ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისიდან, საქართველოდან – ქვეყნიდან, რომელსაც ერთ დროს, როგორც პრეზიდენტი, ისე ვემსახურებოდი. რამდენიმეწლიანი დევნის შემდეგ საქართველოში ოქტომბერში დავბრუნდი და დამაკავეს ბრალდებით, რომელიც მჯერა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. თითქმის 50 დღე ვშიმშილობდი, ვაპროტესტებდი ჩემს დაკავებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება გააძლიერა სასამართლო სისტემის და ბევრი სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიის კონტროლი, საშუალება მისცა კორუფციას, გაზრდილიყო, გააყალბა არჩევნები და ქვეყანას უბიძგა, პუტინის რუსეთთან დაახლოვებულიყო.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ეწვია, რათა აშშ-ს მხარდაჭერის პირობა დაედო, მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ნაწილობრივ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. “ჩვენ, შეერთებული შტატები ვდგავართ თქვენს გვერდით უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კვლავ ერთანი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე” – დაგვპირდა ჯო ბაიდენი. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას, უზრუნველეყო “გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია სრული ჩართულობით”.
დღეს მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, შეასრულოს თავისი როლი ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერაში, რომელიც სერიოზულ საფრთხეშია. ბაიდენის მიზნის გათვალისწინებით, დემოკრატიამ ავტოკრატიაზე წინ წაიწიოს, იმედი მაქვს, ის საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ თავისუფლებების შელახვისთვის, რომელთა მოპოვებისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ.
მე საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გავხდი, როდესაც მშვიდობიანმა ვარდების რევოლუციამ მოითხოვა დემოკრატიული რეფორმები, კორუფციის აღმოფხვრა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია.
ბედის ირონიაა, რომ ნაწილობრივ დემოკრატიზაციის ჩვენი ძალისხმევის გამო, ჩემი პარტია დამარცხდა 2012 წლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ გადავაბარეთ ძალაუფლება კოალიციას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობდა, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი იყო. სენატორმა ჯინ შაჰინმა ჩემს მიერ ძალაუფლების დათმობა 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ თავის სიტყვაში გაიხსენა და თქვა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არასოდეს უნდა იყოს დაუფასებელი.
დემოკრატიული პროცესებით ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობა მალევე გახდა ანტიდემოკრატიული. დღეს საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები კანონის უზენაესობის ხარჯზე თითქმის ექსკლუზიურად ემსახურება მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პატარა კლანის ინტერესებს. ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს, ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა დაშინებასა და სხვა არადემოკრატიულ ტაქტიკასთან დაკავშირებით. ივლისში კი თბილისში ძალადობრივი, ანტი-ლგბტ დემონსტრანტებმა მიზანში ამოიღეს აქტივისტები და ჟურნალისტები და აიძულეს, გაეუქმებინათ ღირსების მარში, რასაც საბოლოოდ ოპერატორის სიკვდილი მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს მთავრობას ჟურნალისტების და ლგბტ თემის წინააღმდეგ მუქარაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.
ამავდროულად მთავრობამ დე ფაქტო შეაჩერა ნებისმიერი პრაქტიკული ძალისხმევა NATO-ს წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. სამაგიეროდ, საქართველო ირანთან და რუსეთთან “რეგიონული თანამშრომლობის” პლატფორმას ეფლირტვება, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთის გავლენის აღმოფხვრის იდეა ამოძრავებს. ეს ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა აღელვებდეს. როდესაც ის 2009 წელს ჩამოვიდა, საქართველო გამოწვევებით სავსე რეგიონში საიმედო მოკავშირე იყო. ახლა ქართული ოცნება ქვეყნის ბედს რუსეთის დაქვემდებარებული სახელმწიფოს ბეჭედს ასვამს.
ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლების გადამეტებისთვის წლების წინ დაუსწრებლად ბრალი წამიყენა. ვთვლი, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და პარტიის მიერ ოპოზიციის გაჩუმების საგანგაშო მაგალითია. ამიტომ დავბრუნდი საქართველოში ამ შემოდგომაზე, ქვეყნის გარეთ გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ვიცოდი, რომ ციხეში აღმოვჩნდებოდი. იმედი მაქვს, ყურადღება მიექცევა აქ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც ათასობით ქართველმა გასული თვის არჩევნების შემდეგ ქუჩებში გააპროტესტა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ფასეულობების, მათშორის კანონის უზენაესობის და სიტყვის თავისუფლების გაძლიერებისა და დაცვის მნიშვნელობას. ახლა ქართველ ხალხს სჭირდება მათი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, აშშ-მ ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრითვის. აშშ-ს კონგრესმა უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ მაგნიტსკის აქტით სანქციების დაწესება. (პარასკევს ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოუწოდა ევროკავშირს, განიხილოს პერსონალური სანქციები მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ციხეში ჩემს “არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობაზე”).
სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ან სხვა მაღალჩინოსნის ვიზიტი აჩვენებდა ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის სოლიდარობას. საბოლოოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გაუუქმოს გადაწყვეტილება დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის მიპატიჟების შესახებ, ეს მიპატიჟება არასწორ სიგნალს გზავნის და რისკავს ქართული ოცნების არადემოკრატიული ქმედებების ლეგიტიმაციას.
შეერთებულ შტატებს საქართველოში არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიის მხარდაჭერის დიდი ისტორია აქვს. დღევანდელი თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიისა და მზარდი რუსული გავლენის ფონზე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადყოფს, სად დგას იგი”
ვკითხულობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც POLITICO-ში გამოქვეყნდა.