“აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა“–ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებში ხალხმრავლობას ფეისბუქ სტატუსით აფასებს და ერთ–ერთ ეკლესიასთან ხალხმრავლობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:
“ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა.
აჯარიმებენ ცოლ-ქმარს, რომელიც გვერდიგვერდ სხედან, აჯარიმებენ იმიტომ რომ არ ემორჩილებიან აკრძალვას.
როდესაც ადამიანს კანონის დარღვევისთვის სჯი, აჯარიმებ სრულიად სამართლიანად და შემდეგ, უარესი დარღვევისთვის არ აჯარიმებ ვიღაც სხვებს, ის სრულიად სამართლიანი სასჯელიც მომენტალურად უსამართლო ხდება.
რისთვის დავკეტეთ ბაზრები და რატომ დავტოვეთ ულუკმაპუროდ ამდენი ხალხი? რატომ გავაჩერეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი? იმიტომ რომ ხალხმრავლობა აგვეცილებინა თავიდან.
რატომ არ იღებს ხმას ხელისუფლება? ან ოპოზიცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) რატომ არ ვიღებთ ხმას სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად?
ოპოზიციაში ვართ და ძალიან ბევრნი ხმის ამოღებას მაქსიმალურად ვერიდებით და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ალბათ კრინტსაც არ დავძრავდით.
რა ხდება, ამომრჩეველს ვეპრანჭებით? ძვირი დაგვიჯდება ეს პრანჭვა.
ვირუსი იფეთქებს და ჩვენც, ჩვენი დუმილით ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელნი ვიქნებით.
ჩვენ, ჩვენი დუმილით თანამონაწილე ვართ ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების.
საზოგადოებისთვის ერთ გარკვეულ ნაწილთან ასე უშნოდ გაპრანჭვა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება საზოგადოების დანარჩენ ნაწილთანაც და თვითონ იმ ნაწილთანაც, რომელსაც ვეპრანჭებით, რადგან ამომრჩეველი გაიზარდა და კარგად ხვდება, სად მთავრდება გულწრფელობა და სად იწყება პოპულიზმი.“– წერს ნიკა მელია.