მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ შეჭრილი მამაკაცი 31 წლის ლევან ზურაბაშვილია ის წარმოშობით ბორჯომიდანაა, თუმცა წლები თბილისში, ოჯახთან ერთად, ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა.
მეზობლები ამბობენ, რომ მოთხოვნები, რომლებიც ზურაბაშვილმა ვიდეომიმართვაში დაასახელა, მისი ოჯახის ბოლოდროინდელი პრობლემებიდან მომდინარეობს – აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები, ფინანსური სირთულეები, მათ შორის, საბანკო ვალები.
ახლობლები ამბობენ, რომ ზურაბაშვილის ოჯახმა რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლიც გაყიდა, მამის გარდაცვალებისა და პანდემიისგან გამოწვეული უმუშევრობოს გამო კი მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ.
ლევან ზურაბაშვილი გუშინ თბილისში, მიკროსაფინანსო MBC-ში ხელყუმბარით შეიჭრა და 9 მძევალთან ერთად დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა შენობაში.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დააკავა, ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დღეს დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მას ხელში არა ნამდვილი ხელყუმბარა, არამედ მსგავსი ფორმის სანთებელა ეჭირა.
თავდამსხმელმა Facebook Live-ს საშუალებით საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნები გააჟღერა – ზურაბაშვილი საბანკო სესხებზე პროცენტების დაკლებას, პენსიონერებისთვის წამლების გაიაფებას და აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვდა.