კარდიოლოგიური კლინიკა „გული”-ს გენერალური დირექტორი ანზორ მელია აცხადებს, რომ კომუნალურებზე ტარიფის ზრდის გამო სავარაუდოდ ბევრი კლინიკა დაიხურება.
“ტარიფების ზრდა ძალიან ცუდად აისახება ჩვენი კლინიკის საქმიანობაზე. მაგალითს გეტყვით, ელექტროენერგიის საფასურს ჩვენ ვიხდიდით 3000 ლარს თვეში, ახლა რომ ვიანგარიშეთ ამ ტარიფებით, უკვე 4250 ლარი გამოდის. ყველაფერი გამოდის და სახელმწიფო აბსოლუტურად არ ფიქრობს. გვითხრან მაშინ, რომ აღარ გვჭირდებით. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარტო ეს საფასურები გადავიხადოთ. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ბევრი კლინიკა დაიხურება, ვერ გაუძლებს, საშინელებაა… თანაც ზუსტად თხოულობს თელასიც და გაზიც ზუსტად 12 რიცხვში საფასურს”,– თქვა ანზორ მელიამ ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, 29 დეკემბერიდან დენის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3.5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 11 თეთრით. გაიზარდა წყლის ტარიფიც.