ალბათ დაგვჭირდება ვაქცინის მესამე დოზა უფრო მყარი იმუნიტეტისთვის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ალბათ საჭირო იქნება მოსახლეობის ვაქცინის მესამე, “ბუსტერ” დოზით აცრა მყარი იმუნიტეტის შესაქმნელად.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი.

“უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს – ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას”,– ამბობს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, კორონავირუსი  მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ადამიანებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაჭირდებათ ყოველწლიურად.

“სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.