„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინა ,,ქართული ოცნების” და სხვა ,,კეთილმოსურნეების” გარეშე გადაწყვეტს სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას.
,,დღეს ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს, ეს პროცესი არც შეწყვეტილა, არც რამე საფრთხე ემუქრება და აუცილებლად გაგრძელდება. უკრაინის ხელისუფლება და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორმე „ქართული ოცნების“ და სხვა კეთილმოსურნეების გარეშე გადაწყვეტენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, არავის სჯერა იმ ბრალდების, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯეს და მთელი სამყარო აღიარებს მესამე პრეზიდენტის როლს საქართველოს ქმედით სახელმწიფოდ გადაქცევაში.
,,ზოგიერთი რამ მხოლოდ ზედაპირზეა. პირველი არის ის, რომ პოლიტიკურად წარმართული პროცესის, რომლის შედეგადაც გასაამართლეს საქართველოს პრეზიდენტი და რაღაც მიუსაჯეს, არავის სჯერა არც საქართველოს შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
მეორე ის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, დანარჩენი სამყარო აღიარებს იმ უზაარმაზარ როლს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა საქართველოს ქმედით ეფექტურ სახელმწიფოდ გადაქცევაში.
მესამე ის, რომ ალბათ, ეკლესიებში დადიან, რომ სააკაშვილს არაფერი გამოუვიდეს. თუ გამოუვიდა, არაპროფესიონალიზმი, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, კიდევ უფრო ნათელი გახდება“, – განაცხადა ვაშაძემ ,,ფორმულას” ეთერში.