ალბათ, რეგიონში დავდგები მაჟორიტარად – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის სავარაუდოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონში იქნება.

მისივე თქმით, საბურთალოს ოლქი განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკეში კი ელენე ხოშტარია პირველივე ტურში მოიგებს.

„არმგონია, დავით სერგეენკო ოპოზიციაში რაიმე გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი იყოს, კანდიდატთან დაკავშირებით. საბურთალოზე მაღალი ალბათობით ყველა პარტია დააყენებს კანდიდატებს ან ვინმეს ინდივიდუალურად დაუჭერს მხარს. საბურთალო განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკისგან განსხვავებით. პირველივე ტურში ელენე ხოშტარია ვაკეში მოიგებს.

რაც შემეხება მე, ალბათ, დავდგები მაჟორიტარად რეგიონში. ჯერჯერობით, კონსულტაციები არაა დასრულებული. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, რომ ვიყო მაჟორიტარი კანდიდატი“, – განაცხადა გიგი უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ტრენდი, რომელიც უკანასკნელი 15-20 წელია შეიქმნა ახალ სახეებთან დაკავშირებით არასწორია.

„თუ ის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება ფართო საზოგადოებას, ელექტორალური წონა მას არ აქვს. პოლიტიკის კეთების საფუძველი არის ცნობადობა. ადამიანი შეიძლება, გენიალური ადამიანი იყოს, მაგრამ თუ მას არ იცნობენ, მას არ აირჩევენ,“ – განაცხადა უგულავამ.