“ალეკო გისმენთ!” – ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე მობილურის ნომერი დააწერა

პარტია მოქალაქეების ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა. მისი თქმით, ცესკო ფეხს ითრევს და საარჩევნო ნომერს არ აძლევს.

“ველოდეთ, ველოდეთ და ავდექი და ბანერზე დავწერე ჩემი ნომერი. გამოკრული არ გვქონდა ეს ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ”. – ამბობს ელისაშვილი ფეისბუკ ლაივში.

ელისაშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, ნომერზე დაურეკონ.

“ის გვინდა ამ ბანერით ვთქვათ, რომ გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის და არა რაღაც ყალბი, დაყენებული სახეებით სტუდიებში რომ გადაიღებენ და იღიმიან. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ, თავს არ დავზოგავ”. – ამბობს ელისაშვილი.

მან ცოტახნის წინ ახალი განცხადება გამოაქვეყნა და ამომრჩეველს მოუბოდიშა, რომ ზარებზე ვერ პასუხობს.

“ბოდიში ვისაც დაკავებას გაძლევთ. არ ჩერდება ტელეფონი და არც უნდა გაჩერდეს! უკეთესი უბნისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის – ყველას ყოველთვის მოვუსმენ. 24/7-ზე. ალეკო გისმენთ! 593 584052”,– წერს ელისაშვილი.