თუ საარჩევნო პაკეტის ფუნდამენტურ ცვლილებებზე, როგორც კანონმდებლობის ასევე პროცედურების გამჭვირვალობის, ასევე ცესკოს დაკომპლექტების წესზე შევთანხმდებით, ჩვენ პარლამენტში შევალთ, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„არ დავმალავ, ეს იყო ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა, სანამ ავირ-დავირეოდით და ასე დავიშლებოდით. ოთხივე რაუნდზე განიხილებოდა. ეს ძალიან კარგი იდეაა. ელექტრონული არჩევნები საჭიროა იმისთვის, რომ არჩევნებმა დაიბრუნოს ნდობა. ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატი მსოფლიოში და საქართველოშიც ტესტირებულია. ეს ნიშნავს, რომ ბიულეტენს ხმის დამთვლელ აპარატში დებ და 20:00 საათზე ავტომატურად გაჩვენებს პროცენტებს და ხმების რაოდენობას.ჩვენი პრობლემაა, რომ 20:00 საათზე ხან ელექტროენერგია ითიშება და დათვლისას ხან გაწევ-გამოწევაა. ამ ინიციატივით ხმის გაყალბების ფაქტორი გამოირიცხება. ამასთან ერთად ეს აპარატი მოგვცემს შესაძლებლობას, თუ რაიმე დანაკლისი ან მეტობა გამოიკვეთა, გაიხსნას აპარატი და მოხდეს ხელით გადათვლა. ერთადერთი არის ვერიფიკაციის საკითხი და აქაც შეგვიძლია ესტონეთისა და თუნდაც, ბანკების გამოცდილება გამოვიყენოთ. ხარვეზი შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ეს სისტემა არჩევნების პროცესში 95%-იან სანდოობას გააჩენს.
თუ საარჩევნო პაკეტის ფუნდამენტურ ცვლილებებზე, როგორც კანონმდებლობის ასევე პროცედურების გამჭვირვალობის, ასევე ცესკოს დაკომპლექტების წესზე შევთანხმდებით, ჩვენ პარლამენტში შევალთ. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ცვლილებების ძირფესვიანი ცვლილებების საკითხი საშვილიშვილო ამბავია. თუ ამას პარლამენტი მიიღებს, კი ბატონო, შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.