ალექსანდრე მუხაძეს, იგივე ქილერას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად ქილერას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.