რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ინფორმაცია სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა.
“2020 წლის 29 დეკემბრიდან ალექსეი ნავალნი ძებნაში იმყოფებოდა, რადგან პირობითი მსჯავრი არა ერთხელ ჰქონდა დარღვეული. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ის პატიმრობაში იქნება”, – აცხადებს უწყება.
ნავალნის ადვოკატს გაყოლის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
მანამდე ნავალნიმ თქვა, რომ არ ეშინია, რადგან იცის, რომ ყველა ბრალდება მოგონილია.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტით მოწამლეს.