თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავდათ, ბერლინში ჩაფრინდა. ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა „ტვიტერზე“ გაავრცელა. თვითმფრინავი სპეციალურად კომაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ბორტამდე ნავალნი რეანომობილმა პოლიციის თანხლებით მიიყვანა.
ომსკელი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების საკითხს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი პოზიციით, მისთვის მგზავრობა სტაბილურად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაშვებული არ იყო, თუმცა ოჯახი მის გადაყვანას მოითხოვდა. ნავალნი გერმანიიდან ჩასულმა ექიმებმა გასინჯეს და მიიჩნიეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია.