“ალტ-ინფო” ეთერის დათმობისთვის TV4-ს დღეში 34 ლარს უხდის

“ალტ-ინფო” ეთერის დათმობისთვის TV4-ს დღეში 34 ლარს უხდის – ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  პრორუსული და ჰომოფობიური განცხადებების მქონე “კონსერვატიული პარტიის” მიერ შექმნილი ტელეკომპანია “ალტ-ინფო” ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას (TV4) ყოველდღიური ეთერის გამოყენების სანაცვლოდ თვეში 1000 ლარს უხდის. ამ თანხაშია გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).

“ალტ-ინფო” “ქვემო ქართლის ტელევიზიის” ეთერით ყოველდღე მაუწყებლობს. ეს ნიშნავს, რომ ჰომოფობიური ნარატივების გავრცელების სანაცვლოდ დღეში TV4-ის შემოსავალი 34 ლარამდეა.

“ალტ-ინფო” თავადაც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. სახლის ანტენით მაუწყებლობის უფლებას, თუმცა დამატებით, რეგიონული ტელეკომპანიის ეთერით გავრცელება დაიწყო.

“ალტ-ინფოს” და TV4-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ გაასაჯაროვა, ექვსთვიანი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 22 აპრილს გაფორმდა.

ტელეკომპანიის დირექტორმა გიგი მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “ალტ-ინფოს” შემოთავაზებული თანხა მცირეა, თუმცა მათ საეთერო დროდან ის მონაკვეთი დაუთმეს, როცა რეკლამა არ გადიოდა და არხი შემოსავალს ვერ იღებდა.

“არ ვიცი როგორ მოხვდა ეს ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში. ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა და მისი გაცემა უკანონოდ მოხდა. ხვალ კომისიაში იმსჯელებენ ჩვენს საჩივარზე”, – ამბობს გიგი მგალობლიშვილი.

“ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავალს. მათ შორის, 2022 წელს არხი გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ტენდერებში გამარჯვებული კომპანიაა და წლის განმავლობაში 113 ათას ლარზე მეტს იღებს შემოსავლის სახით.

რამდენიმე თვის წინ კომუნიკაციების კომისიამ “ალტ-ინფოს” ეთერი შეისწავლა და მიიჩნია, რომ პროგრამები შეიცავდა ომის პროპაგანდის ნიშნებს.