მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ.
ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში. არავის მიეცემა იმის უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და ა. შ.