პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ “ნიკა მელია ოთახში ჩაიკეტა და თავისუფლება შეიზღუდა”.
„ამ ისტორიაში ღიმილისმომგვრელია ის, რომ თუ კარგად გავიხსენებთ, ნიკა მელიამ საჯარო მიტინგზე მოიხსნა სამაჯური და ის გადაუგდო ხალხს. მაშინ გააკეთა განცხადება, რომ სამაჯური უჭერდა მის თავისუფლებას, მის პოლიტიკურ ლიდერობას, მან თქვა რომ ის აღარ ემორჩილება სახელმწიფოს, კანონებს და იმ გადაწყვეტილებებს, რაც მასთან მიმართებაში აქვს მართლმსაჯულებას. დღეს, სანამ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს, ის გამაგრდა საკუთარ ოთახში და რაზეც ხალხს ეუბნებოდა, რომ მიუღებელია, იმას აკეთებს თავისი ნებით. ჩაიკეტა ოთახში, უფრო მეტად შეიზღუდა საკუთარი თავისუფლება”,– თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.
მისი მტკიცებით, ეს ლიდერის არათანმიმდევრული მოქმედება და ორმაგი სტანდარტია.
“სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთ შემთხვევაში ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, რომ დღეიდან ის არის ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ რეაქციულ მოძრაობას. დღეს კი ვნახეთ, რომ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტობრივად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე”, – განაცხადა თალაკვაძემ.