ამერიკაში კარანტინის მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

შაბათი ამერიკაში კარანტინის და თვითიზოლაციის წინააღმდეგ პროტესტის დღედ იცა ნიუ ჰემფშირიდან კალიფორნიამდე და ტეხასიდან ოჰაიომდე.

ტეხასის დედაქალაქ ოსტინში ქუჩაში დაახლოებით 250 ადამიანი გამოვიდა. “მომეცით თავისუფლება ან მომკალით!“– ეწერა ერთ–ერთ ტრანსფარანტზე, შეკრებილებს შორის იყო ულტრამემარჯვენე გვერდის, Infowars-ის შემქმნელი ალექს ჯონსი, რომელიც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო.

“ეკონომიკის ზარალება რაღაცის გამო, რაც სტატისტიკურად არაფერს ნიშნავს, ბევრად მეტია, ვიდე მაშინ იქნებოდა, ვირუსთან ჩვეულებრივი საშუალებებით რომ გვებრძოლა“– ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ელენ დეი.

ნიუ ჰემფშირის დედაქალაქ კონკორდში კარანტინის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობა მიიღო 400–მდე ადამიანმა, მერილენდის შტატ ანაპოლსში ქუჩაში დაახლოებით 200 აქტივისტი გამოვიდა. გასულ დღეღამეში აშშ–ში კოვიდ19–ისგან 1891 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 38 660–ს გადააჭარბა.

მანიფესტანტებისთვის ტიმულად იქცა აშშ–ს პრეზიდენტის სიტყვები. შაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზოგიერთი გუბერნატორი “აკრძალვებში მეტისმეტად შორს წავიდა“:

“მე შევამჩნიე, რომ ზოგიერთ შტატში ძალიან ბევრი პროტესტია. ვფიქრობ, ზოგიერთი გუბერნატორი ძალიან გაერთო. იცით, ბევრ ადამიანს არ ჭირდება იმის თქმა რა უნდა აკეთონ. ისინი ისედაც აკეთებენ და აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ვთხოვდით.“

შაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკა–კანადის საზღვარი კიდევ 30 დღე ჩაკეტილი დარჩება. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტვირთებისთვის. შესაბამისი შეთანხმება ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის შედგა.