უკრაინას შეუძლია ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი მომავალი წლის განმავლობაში დაიბრუნოს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ–ს ევროპული არმიის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ჟურნალ Newsweek–თან ინტერვიუში.
გენერალი აღიარებს, რომ უკრაინელებმა ქვეყანა გადაარჩინეს და მისი სრული სუვერენიტეტის აღსადგენად პირობები შექმნეს, მათ შორის ყირიმის დასაბრუნებლად.
“რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ მსოფლიოს ვითომ მეორე საუკეთესო არმია ახლა უკრაინაში მეორე საუკეთესო არმიაა“– ამბობს ჰოჯესი.
მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორის 20%–ზე ნაკლებს აკონტროლებს, მისი შესაძლებლობები შემდგომი შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად კი პრაქტიკულად ამოწურულია.
ის თვლის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა კიევს დროულად უნდა აღმოუჩინონ მატერიალური და მორალური მხარდაჭერა სრულ სამხედრო გამარჯვებამდე.
“აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება და მისი ყველა ტერიტორიის დაბრუნება. უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის დაცვა მომავალშიც. 100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ პენტაგონმა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ ზუსტად იციან, რა ჭირდება უკრაინას“– ამბობს გენერალი.
Newsweek–თან საუბრისას ომის შესწავლის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ჯორჯ ბაროსი ყურადღებას ამახვილებს უკრაინისთვის ხელსაყრელ ვითარებაზე სტრატეგიულ დონეზე.
მისი აზრით, ხერსონის ოლქში წარმოებული ოპერაცია ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად გამოდგება უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობების გამოსავლენად.
“თუ ხერსონში უკრაინელები აჩვენებენ უნარს, მსხვილი მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციონ და დაამარცხონ, ეს დიდი სამხედრო მიღწევა იქნება. ესეიგი უკრაინის შეიარაღებული ძალები იგივეს გაკეთებას შეძლებენ სხვა ადგილებზე – აღმოსავლეთში და სამხრეთში“–ამბობს ბაროსი.
მისი აზრით , საჭიროა რამდენიმე თვე, სანამ გამოჩნდება ხერსონის გარშემო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევების სრული სურათი.