ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ქრთამის აღების ბრალდების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, სომხური მეგობრობის ორდენის მფლობელმა და რუსული „შავი სიის“ ფიგურანტმა რობერტ მენენდესმა დროებით დატოვა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ, რაც მას და მის მეუღლეს ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს.

”სენატორმა მენენდესმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დროებით დატოვოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება”, – თქვა სენატის დემოკრატთა  ლიდერმა ჩაკ შუმერმა და აღნიშნა, რომ მის თანაპარტიელს  აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ კვირის დასაწყისში რობერტ მენენდესს ოფიციალურად ბრალი დასდეს ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებაში ეგვიპტის ხელისუფლებისთვის დახმარების სანაცვლოდ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მენენდესი, რომელიც 2006 წლიდან წარმოადგენს სენატში ნიუ ჯერსის, იღებდა ქრთამს იმ ქმედებების სანაცვლოდ, რომლებიც სასარგებლო იყო  ეგვიპტის ხელისუფლებისთვის.

გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ სენატორმა მენენდესმა და მისმა მეუღლემ ნადინ არსლანიანმა მიიღეს ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, საცხოვრებლის სესხის გადახდა  და ძვირადღირებული მანქანა ნიუ ჯერსის სამი ბიზნესმენისგან.

ბიზნესმენები ვაელ ჰანა, ხოსე ურიბე და ფრედ დეიბსი, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ქრთამს აძლევდნენ მენენდესს, რათა მას გამოეყენებინა სენატორის გავლენა მათ დასაცავად და ასევე „ეგვიპტის არაბული რესპუბლიკისთვის სასარგებლო საქმეების“ გასაკეთებლად.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მენენდესის საქმეზე გამოძიებას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

სენატორის სახლში ნაპოვნი ოქროს ზოდი

სენატორის სახლი გასულ წელს გაჩხრიკეს, რა დროსაც 480 000 დოლარზე მეტი ნაღდი ფული აღმოაჩინეს, რომელიც, სამინისტროს ცნობით, კონვერტებში იყო მოთავსებული და ჩამალული ტანსაცმელში, კარადებში და სეიფში.

გარდა ამისა, გამომძიებლებმა სახლში 100 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს. ძვირადღირებული მანქანა, რომლის ღირებულება გამომძიებლების თქმით, ხოსე ურიბემ გადაიხადა, Mercedes-Benz-ის კაბრიოლეტი, ავტოფარეხში იყო გაჩერებული.

ყველა ეს დასკვნა, იუსტიციის სამინისტროს თქმით, სენატორი მენენდესის  მოსყიდვის მტკიცებულებაა.

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, პროკურორები ციტირებდნენ მენენდესის მიერ მისივე ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტს,  სადაც ჩამოთვლილია პარლამენტის წევრებზე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩარევის აკრძალვა.

“ კულისებში კი სენატორმა მენენდესმა სწორედ ეს გააკეთა გარკვეული ადამიანებისთვის, ვინც მას ცოლის მეშვეობით ქრთამს უხდიდა”, – თქვა დემიან უილიამსმა, აშშ-ს პროკურორმა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში.

გამომძიებლების თქმით, მენენდესმა მანქანა ხოსე ურიბეს ერთ-ერთი თანამგზავრის სისხლისსამართლებრივი დევნისგან გადასარჩენად მიიღო.

პროკურორმა ჟურნალისტებს მტკიცებულებები წარუდგინა:ფული,ოქროს ზოდები და ძვირფასი ავტომობილი

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ სენატორის მეუღლემ, ნადინ არსლანიანმა, ხსენებული სამი ბიზნესმენიდან ერთ-ერთთან, წარმოშობით ეგვიპტელი ვაელ ჰანასთან ერთად, მენენდესს გააცნო ეგვიპტის არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები.

ვაელ ჰანამ და ნადინ არსლანიანმა ათასობით ტექსტური შეტყობინება გაცვალეს. მოგვიანებით ნადინმა ისინი ტელეფონიდან წაშალა.

რით არის ცნობილი მენენდესი და კიდევ რაში ადანაშაულებენ მას?

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნადინ მენენდესისა და ვაელ ჰანას მიერ ორგანიზებული კონტაქტების მიზანი იყო სენატორის ლობირება ეგვიპტის ინტერესებისთვის სამხედრო შესყიდვებისა და აშშ-ს სამხედრო დახმარების სფეროში.

ერთ-ერთ მაგალითად, პროკურატურას მოჰყავს შემთხვევა, როდესაც სენატორი მენენდესმა ეგვიპტის მთავრობის სახელით მისწერა წერილი კოლეგებს, სადაც ითხოვდა ეგვიპტისთვის განკუთვნილი გაყინული 300 მილიონი დოლარისთვის შეზღუდვის მოხსნას.

შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს სამხედრო და ფინანსური დახმარება 2013 წელს შეუჩერა მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პრეზიდენტი მოჰამედ მურსი დაამხეს.

გამოძიების თანახმად, ვაელ ჰანამ ეგვიპტისთვის სენატორის მიერ გაწეული სამსახურისთვის საფასური იმით გადაიხადა, რომ  ნადინ არსლანიანი დაიქირავა ფიქტიური ან თითქმის გამოგონილი სამუშაოსთვის.

ნადინ არსლანიანმა ადვოკატების მეშვეობით განაცხადა, რომ უდანაშაულოა და მზადაა სასამართლოში დაიცვას თავი.

2013 წლიდან 2015 წლამდე მენენდესი იყო სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი.

69 წლის ბობ მენენდესს ჯერ კიდევ რვა წლის წინ დაადანაშაულეს ქრთამის აღებაში, როდესაც, როგორც სამართალდამცავი ორგანოები თვლიდნენ, მდიდარმა თვალის ექიმმა ფლორიდადან მისი მდიდრული მოგზაურობის საფასური გადაიხადა.

თუმცა იმ დროს საქმე უშედეგოდ დამთავრდა: ნაფიც მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

ბობ მენენდესი, რომელსაც სომეხი ცოლი ჰყავს, იყო კონგრესის საპარლამენტო ჯგუფის წევრი სომხეთის საკითხებში და შარშან დაჯილდოვდა სომხური მეგობრობის ორდენით ამ ქვეყნის ინტერესების წინსვლისთვის.

მენენდესი რუსეთის სანქციების სიაში მოხვდა, როგორც მოსკოვის აქტიური კრიტიკოსი ჯერ კიდევ 2014–ში, რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობისა და დონბასში ომის დაწყების წელს.