ნიუ იორკელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად სახისა და ხელის ორივე მტევნის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. გასული წლის აგვისტოში 22 წლის ჯო დიმეომ საოპერაციოში 23 საათი გაატარა. მასთან 140 მედიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა.
2018 წელს დიმეო ღამის ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როცა საჭესთან ჩაეძინა. მისი ავტომობილი ავარიაში მოყვა და დაიწყვა. შედეგად ამერიკელმა მამაკაცმა მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო, რომელმაც მისი სხეულის თითქმის 80% დააზიანა. მას ხელის თითების ამპუტაცია გაუკეთეს, დაკარგა ტუჩები და ქუთუთოები.
ჯომ ოთხი თვე დამწვრობის განყოფილებაში გაატარა – ამ დროის ნაწილი კი ხელოვნურ კომაში. დიმეომ 20–ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ხელებისა და სახის მოტორიკის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა.
2019 წელს პაციენტი ნიუ იორკში, NYU Langone–ის სამედიცინო ცენტრში გაგზავნეს, სადაც ერთი წლის შემდეგ ხელისა და სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაიკეთა.
“ასეთი საჩუქარი ცხოვრებაში ერთხელ ხდება. იმედი მაქვს მისი (დონორის) ოჯახის წევრებისთვის შვება იქნება, თუ ეცოდინებათ, რომ მისი ნაწილი ჩემში განაგრძობს სიცოცხლეს. ჩემი მშობლები მადლობლები არიან, რომ ცხოვრებაში მეორე შანსი მომეცა“– თქვა ჯომ.
“ჩვენი ოპერაციის მიზანი არა მხოლოდ მისი გარეგნობის გაუმჯობესება იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერს იდეალურად ემუშავა, განსაკუთრებით ხელებს“– განაცხადა სახის გადანერგვის პროგრამის დირექტორმა, ედუარდო როდრიგესმა.
ოპერაციის შემდეგ ჯო დიმეომ 45 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, კიდევ დაახლოებით ორი თვე კი საავადმყოფოში. იქ მან თავიდან ისწავლა თვალების გახელა და ახალი ხელების გამოყენება. ახლა მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ივარჯიშოს და ყოველდღიური საქმეები გააკეთოს, მაგალითად საუზმე მოიმზადოს.
ექიმი როდრიგესი ამბობს, რომ ჯო დიმეო, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 5 საათი ფიზიოთერაპიით არის დაკავებული, ყველაზე მიზანდასახული პაციენტია მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია. მას უნდა სპორტით დაკავდეს, აღმერთებს გოლფს, უნდა ისევ ითამაშოს.
“ყოველთვის მაოცებს, რამხელა სიმძიმის აწევა შეუძლია და როგორი ძალა აქვს“– ამბობს ექიმი.
ეს არის პირველი ოპერაცია მსოფლიოში, როცა ექიმებმა წარმატებით მოახერხეს სახისა და ორივე კიდურის გადანერგვა. წარსულში მედიკოსებმა მსგავსი რამ ორჯერ სცადეს, თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად. ერთ–ერთი პაციენტი გართულებების შედეგად გარდაიცვალა, მეორეს კი ახლადგადანერგილი ხელების ამპუტაცია გაუკეთეს, რადგან ისინი ორგანიზმთან ვერ შეთავსდა.
ამჯერად ექიმებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ჯო დიმეოს სხეულმა გადანერგილი ორგანოები მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადეს მათ წარმატებული ოპერაციის შესახებ.