ამერიკის პენცენტრი, Freedom House, ჰელსინკის კომისია… რუსული კანონის წინააღმდეგ კრიტიკ არ წყდება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების კრიტიკული შეფასებები არ წყდება. ამერიკის პენცენტრი ე.წ. აგენტების კანონს სამარცხვინოს უწოდებს და მიაჩნია, რომ მას ხელისუფლება კულტურის მოღვაწეების და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისთვის გამოიყენებს. „არ შეცდეთ“ —ამ სიტყვებით მიმართავს ამერიკის პენცენტრი საქართველოს მოქალაქეებს. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 

ამერიკის პენცენტრი რუსულ კანონზე

უბრალო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ ბიძგს აძლევს ე.წ. უცხოელი აგენტის კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას. სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების: „გამჭვირვალობა“, „ანგარიშვალდებულება“ და „უსაფრთხოება“, მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების, გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა.

 

Freedom House რუსულ კანონზე

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს – ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი. “

ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე

“ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი რუსული კანონითაა შთაგონებული და მისი ანალოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახლა ინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობების მიღების მცდელობების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ მიდის ამ გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად.“

„ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებიც. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრის. „ოცნების“ რუსულ კანონს გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანიც აკრიტიკებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

“საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს.“

გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე

“ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება… ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია.“

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება, თავდაპირველად, 2023 წლის მარტში სცადა. მაშინ კანონპროექტი პარლამენტში ე.წ. „ხალხის ძალამ“ დააინიცირა. პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 7 და 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ივანიშვილის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაარბია. პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. მაშინ მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ, რადგან ამას შესაძლოა ხელისუფლებისთვის უმძიმესი შედეგები მოეტანა. თუმცა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან 1 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიცირა.