ხუთი ოთხის წინააღმდეგ – სასამართლომ კონსერვატიული მოსამართლეების უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ იამაიკის მოქალაქე ანდრე მარტელო ბარტონი ქვეყანაში ვერ დარჩებოდა. სასამართლომ უარი თქვა მისი დეპორტაციის გაუქმებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში დიდი ხნის მანძილზე მცხოვრებ პიროვნებას, შეუძლია გაძევება თავიდან აიცილოს, იამაიკის მოქალაქემ ეს ვერ შეძლო. მას ბრალი ჯორჯიის შტატში ნარკოტიკულ საშუალებებთან და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ედებოდა.
თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის განხილვა. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ათასობით იმიგრანტზე, ვისაც რაიმე ტიპის, თუნდაც მსუბუქ კანონდარღვევაში ედება ბრალი და ლეგალურად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იმიგრაციის საკითხი დონალდ ტრამპის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთვარი თემაა. სულ ცოტა ხნის წინ, მან საკუთარი საიმიგრაციო აკრძალვები იმით გაამართლა, რომ იმიგრანტები დანაშაულებს ჩადიან და ამის აღკვეთა უნდა მოხდეს.
ამერიკაში მცხოვრებ იმიგრანტებს, ვისი დეპორტაციის ბრძანებაც გაიცემა, შეეძლებათ, რომ გადაწყეტილების გაუქმება იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ ისინი ქვეყანაში, მინიმუმ 7 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.
წყარო: ამერიკის ხმა