სვანეთსა და ყაზბეგში და ზოგადად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია,- ამის შესახება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადების რეკომენდაცია არ გაიცემა და ასევე ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.
„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. აქედან 6 არის ე.წ ლენჯერის კლასტერი, 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მძღოლია.
ინტენსიური გამოკვლევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, 2 800- მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ექნება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112- ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე, თუ არ აქვთ სიმპტომები მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა.
ხაზს ვუსვამ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. დიდი თავშეყრებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, თავი უნდა ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.