ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების „უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს და ამის უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

„გურამ ამირხანაშვილის მიერ ყველა ინფორმაცია მოწოდებულია უშუალოდ ამ პიროვნების მიერ. რაც შეეხება ბოლო ჩვენევის გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას. ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.

ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.